ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე თელ-ავივში გაემგზავრა
2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე და საქართველოს დელეგაცია თელ-ავივში გაემგზავრნენ.
როგორც გამგზავრებამდე მომღერალმა აღნიშნა, იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ბოლო ეტაპი.
„თელ-ავივში ძალიან დატვირთული გრაფიკი გველოდება. მივდივართ სიმღერით, რომლის მესიჯიც არის, რომ 21-ე საუკუნის მსოფლიოს მოსახლეობა, ჩემი ქვეყნის მოსახლეობა არ იმსახურებს არანაირ ბარიერებში ცხოვრებას, მით უმეტეს მავთულხლართებში.
მიგვაქვს სიმღერა მსოფლიო მასშტაბის პრობლემაზე. მიმაჩნია, რომ გამოხმაურება ძალიან კარგი აქვს. დიდი კონკურენცია იქნება და უნდა ვეცადოთ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. გპირდებით, ყველა თქვენგანის ხმა ძალიან საიმედო ხელში იქნება,” – განაცხადა ოთო ნემსაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის ქართველი მონაწილე ევროფესტივალის სცენაზე პირველ რეპეტიციას 5 მაისს გაივლის.
რეპეტიციის შემდეგ ოთო ნემსაძე საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება.
ოთო ნემსაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე 14 მაისს, მეთერთმეტე ნომრად იმღერებს.
საკონკურსო სიმღერის – „სულ წინ იარე“ მუსიკის ავტორია რომან გიორგაძე, ხოლო ტექსტი დიანა გიორგაძეს ეკუთვნის.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.