ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო ქართული სიმღერით წარდგება, – ამის შესახებ პირველი არხის პირდაპირ ეთერში პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრმა და პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.
„დიდების ევროვიზია ცდილობს, მშობლიურ ენაზე დაწერილი რაც შეიძლება მეტი სიმღერა გაჟღერდეს კონკურსზე. სწორედ ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო მიმდინარე წლის კონკურსზე ქართული სიმღერით წარდგება ევროპელი მაყურებლის წინაშე“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის სიმღერების შესარჩევი კონკურსი დასრულებულია.
კომპოზიციის შესარჩევად კონკურსი 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის პირველ თებერვლამდე იყო გამოცხადებული.
კონკურსის შედეგად 200-ზე მეტი სიმღერა შემოვიდა. სიმღერები წარმოადგინეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა კომპოზიტორებმა.
სიმღერის შერჩევის პროცესი სამი ტურისგან შედგება. პირველი ტურის შედეგად შეირჩა 50 სიმღერა, მეორე ტურის შემდეგ კი 12, მათგან საუკეთესოს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
შერჩევის პროცესში ჟიურისთვის უცნობი იქნება ნაწარმოების ავტორების ვინაობა. ისინი კომპოზიციებს 10-ქულიანი სისტემით შეაფასებენ.
კონკურსში გამარჯვებულ სიმღერებს პროექტის „საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალისტები დასკვნით ტურზე შეასრულებენ.
შეგახსენებთ, პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ ტურში მაყურებელი გამარჯვებულთან ერთად საქართველოს საკონკურსო სიმღერასაც ირჩევს.