ევროვიზიის კონკურსისთვის სიმღერების შერჩევა დასრულდა
ევროვიზიის კონკურსისთვის სიმღერების შერჩევა დასრულდა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის სიმღერების შერჩევა დასრულებულია.

კომპოზიციის შესარჩევად კონკურსი 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის პირველ თებერვლამდე იყო გამოცხადებული.

კონკურსის შედეგად 200-ზე მეტი სიმღერა შემოვიდა. სიმღერები წარმოადგინეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა კომპოზიტორებმა.

სიმღერის შერჩევის პროცესი სამი ტურისგან შედგება. პირველი ტურის შედეგად შეირჩა 50 სიმღერა, მეორე ტურის შემდეგ კი 12, მათგან საუკეთესოს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

ჟიურის შემადგენლობაში არიან:

1. დავით ევგენიძე

2. ნოდიკო ტატიშვილი

3. ზურა რამიშვილი

4. გიორგი ასანიშვილი

5. მანანა მორჩილაძე

6. ლანა ქუთათელაძე

7. ხათუნა კობერიძე

შერჩევის პროცესში ჟიურისთვის უცნობი იქნება ნაწარმოების ავტორების ვინაობა. ისინი კომპოზიციებს 10-ქულიანი სისტემით შეაფასებენ.

კონკურსში გამარჯვებულ სიმღერებს პროექტის „საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალისტები დასკვნით ტურზე შეასრულებენ.

შეგახსენებთ, პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ ტურში მაყურებელი, გამარჯვებულთან ერთად, საქართველოს საკონკურსო სიმღერასაც ირჩევს.