ემიგრანტებო, მე თქვენთვის ვიმღერებ - ოთო ნემსაძე ქართველ ემიგრანტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს [ვიდეო]
ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის ქართველი მონაწილე ოთო ნემსაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქართველ ემიგრანტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„მოგესალმებით საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ქართველებო. მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდში. წელს საქართველოს ევროვიზიაზე წარვადგენ და თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. მე თქვენთვის ვიმღერებ“, – აცხადებს ოთო ნემსაძე.
საქართველო ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ ტურში 14 მაისს, მე-11 ნომრად იმღერებს. საქართველოსთვის ხმის მიცემა კვიპროსში, მონტენეგროში, ფინეთში, პოლონეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ბელარუსში, სერბეთში, ბელგიაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ესტონეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, სან მარინოში, ისრაელში, საფრანგეთსა და ესპანეთში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ.
ამისთვის საჭიროა, რომ 14 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით 21:00 საათზე უყუროთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებით და ნახევარფინალური შოუს ბოლოს, სპეციალურად მინიჭებულ ნომერზე გააგზავნოთ საქართველოს რიცხვი – 11. ერთი ნომრიდან 20 ზარის განხორცილებაა შესაძლებელი.