ევროპის მაუწყებელთა კავშირი „ევროვიზია 2023“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მაისში ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, EBU იკვლევდა მომავალ წელს კონკურსის მასპინძლობის ვარიანტებს უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, რომელმაც ადრე 2017 და 2005 წლებში უკვე უმასპინძლა კონკურსს.
საყოველთაოდ ცნობილ ტრადიციად იქცა, რომ კონკურსს მომდევნო წელს გამარჯვებული ქვეყანა მასპინძლობს ხოლმე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ წლის გამარჯვებულ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიმდინარე ომის გათვალისწინებით, EBU-მ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ასევე დამოუკიდებელ სპეციალისტებთან ერთად ჩაატარა სრული შეფასება და ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების. განცხადების თანახმად, ევროვიზიის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული ტელეპროექტია, რომელზეც ათასობით ადამიანი მუშაობს და ესწრება, ხოლო მის მზადებას 12 თვე სჭირდება.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებით, ობიექტური ანალიზის შემდეგ, „ევროვიზიის“ მუსიკალური კონკურსის მმართველმა საბჭომ, ღრმა სინანულით დაასკვნა, რომ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, უსაფრთხოებისა და ოპერაციული გარანტიები, რომლებიც საჭიროა მაუწყებლისთვის ევროვიზიის მასპინძლობისთვის, ვერ იქნება შესრულებული უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ EBU მადლობას უხდის უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს მთელი გულით თანამშრომლობისთვის და ერთგულებისთვის, ყველა სცენარის გამოკვლევისთვის 14 მაისს ტურინში Kalush Orchestra-ს გამარჯვების შემდეგ და იზიარებს მათ მწუხარებას და იმედგაცრუებას, რომ მომავალი წლის კონკურსი უკრაინაში ვერ გაიმართება.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, წესების შესაბამისად და ღონისძიების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, EBU მოლაპარაკებებს დაიწყებს BBC-თან, როგორც წლევანდელი კონკურსის მეორე ადგილის მფლობელთან, 2023 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის გაერთიანებულ სამეფოში შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზარხული, რომ უკრაინის გამარჯვება მომავალი წლის წარმოდგენაზე აისახოს. ეს იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი საბოლოო მასპინძლებთან ჩვენი მოლაპარაკებების დროს“, – აღნიშულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.