ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსზე ისრაელის წარმომადგენლის ვინაობა ცნობილია. მასპინძელ ქვეყანას ევროფესტივალზე კობი მარიმი წარადგენს. 27 წლის მომღერალი ისრაელმა პროექტით „ამომავალი ვარსკვლავი“ (Rising Star) შეარჩია. საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი ქულებით გამოვლინდა. ჯერჯერობით უცნობია საკონკურსო სიმღერა ევროფესტივალისთვის.
ისრაელის ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიმღერის პრემიერა მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.
2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მასპინძელი ისრაელია. წესების თანახმად კი, წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა ავტომატურად ფინალშია. შესაბამისად, კონკურსის მაყურებლის წინაშე კობი მარიმი ევროვიზიის გრანდიოზულ ფინალში, 18 მაისს წარდგება.