ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების 17 წლის სტატისტიკა - საქართველოში ყველაზე ხშირად თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება ირღვევა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საქმეებზე სტატისტიკას აქვეყნებს.
მათ შორის არის საქართველოც. ევროსასამართლოს მონაცემების მიხედვით, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან, ანუ 1999 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სტრასბურგის მიერ განხილული 68 საქმიდან მხოლოდ 12-ზე მოიგო სახელმწიფომ. 56 შემთხვევაში კი დადგინდა ადამიანის უფლებათა დარღვევა.
საქართველოს საქმეებზე – 68 შემთხვევიდან 52-ში დადგინდა კონვენციის მუხლებიდან სულ მცირე ერთი დარღვევა. მხოლოდ ერთ საქმეზე მოხდა მორიგება. სამი შემთხვევა კი იყო სხვა სახის სარჩელები, როგორიც არის მაგალითად რევიზია, წინასწარი პრეტენზიები ან იურისდიქციის ნაკლებობა.
ევროსასამართლოს მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებში გამოყოფილია საქმეების რაოდენობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების მიხედვით.
68 საქმიდან ყველაზე მეტი საქმე ეხება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას. ეს მუხლი გულისხმობს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დაცვას. ამ მუხლის დარღვევა საქართველოში ევროსასამართლომ 20 საქმეზე დაადგინა. ამის შემდეგ მოდის არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის 17 შემთხვევა, რომელშიც სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მთავრობას ბრალი დაედო. მესამე ადგილზეა სამართლიანი სასამართლოს უფლების 12-ჯერ დარღვევის ფაქტი.
სტრასბურგმა სიცოცხლის უფლების ანუ კონვენციის მეორე მუხლის უფლების დარღვევის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაადგინა.