ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქცევის კოდექსის უხეში დარღვევისთვის, ოთხ დეპუტატს სანქციები დაუწესა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხი დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქმე ეხება იმ დეპუტატებს, რომელთა სახელებიც დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ფიგურირებს.
დოკუმენტის ავტორები საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთ წევრს კორუფციაში სდებენ ბრალს. გამოძიების მიხედვით, ძირითადად საუბარია აზერბაიჯანის მთავრობისგან ქრთამის მიღების შემთხვევებზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წესებისა და პროცედურების კომიტეტმა დაადგინა, რომ ოთხმა დეპუტატმა უხეშად დაარღვია ქცევის კოდექსი და მათი უფლებები დროებით უნდა შეიზღუდოს.
კერძოდ, მათ არ ექნებათ უფლება დაიკავონ მაღალი თანამდებობები, ვერ მოამზადებენ ანგარიშებს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ და ვერ დააკვირდებიან არჩევნებს.
სანქციები ათი წლის ვადით დაუწესდა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ პრეზიდენტ პედრო აგრამუნტს. 2 წლით იმოქმედებს შეზღუდვები რუმინელი დეპუტატის ცეზარ ფლორინ პრედას, აზერბაიჯანელ სამად სეიდოვის და ესპანელი ჟორდი შუკლას წინააღმდეგ.
აღნიშნულ დეპუტატებს აეკრძალებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ან კომიტეტების სახელით განცხადებების გაკეთება, ან რაიმე სახის ღონისძიებაში მონაწილეობა. ისინი ასევე ვერ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში.