ევროსაბჭოს გენერალური მდივანი - რუსეთი შესაძლოა, ორგანიზაციიდან გარიცხონ
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი აცხადებს, რომ თუ რუსეთი ორგანიზაციის საწევრო გადასახადს არ გადაიხდის, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ და ის შესაძლოა, ევროსაბჭოდან გარიცხონ კიდეც.
ეს განცხადება ტორბიორნ იაგლანდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე გამოსვლისას გააკეთა.
„ევროსაბჭოს წევრი სანახევროდ ვერ იქნები. ევროსაბჭოს წესდების მეცხრე მუხლი ამბობს, რომ თუ ქვეყანა ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადასახადს არ გადაიხდის, მაშინ მინისტრთა კომიტეტიდან მისი წარმომადგენლის გარიცხვა შესაძლებელია. რუსეთის შემთხვევაში ორწლიანი ვადა 2019 წლის ივნისში იწურება, რის შემდეგაც კომიტეტის წევრები ვალდებულები არიან გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა იაგლანდმა.
მისივე თქმით, თუ რუსეთის ორგანიზაციის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ საჭირო გახდება ევროსაბჭოს ბიუჯეტის კორექტირება.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, 12 ოქტომბერს სტრასბურგში დაგეგმილია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც რუსეთის საკითხის განხილვა იგეგმება.
შეგახსენებთ, რუსეთის საწევრო გადასახადი ევროსაბჭოს ბიუჯეტში 33 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ორგანიზაციის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა რუსეთის შესაძლო გარიცხვის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 9 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უარი თქვა რეგლამენტში ცვლილებების შეტანაზე. ამ ცვლილებების შედეგად, რუსეთს ევროსაბჭოში უფლებების აღდგენის შესაძლებლობა გაუჩნდებოდა, თუმცა ინიციატივა ჩავარდა და პროფილურ კომიტეტს დაუბრუნდა განსახილველად. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩა.