„ევროპულმა საქართველომ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი მოამზადა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, ოთარ კახიძემ და გიგა ბოკერიამ პარტიის მიერ შემუშავებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები და ქულათა სისტემა წარადგინეს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადეს, აღნიშნული შეფასების სისტემა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას თითოეული კანდიდატის შესახებ.
კერძოდ, „ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს აფასებს სამი კრიტერიუმის საფუძველზე: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერების განმარტებით, შეფასების ქულათა სისტემა გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10-ქულიანი სისტემით შეფასებას შემდეგნაირად:
ა) 1-3 ქულა – ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს;
ბ) 4-6 ქულა – აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს;
გ) 7-10 ქულა – აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.
„ევროპული საქართველოს“ შეფასების სისტემით მოსამართლეობის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში დააგროვებს 7-10 ქულას.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა აღნიშნეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის ქულათა სისტემით შეფასებისას გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინებისათვის დართული მასალები, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენები.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ, წინამდებარე დოკუმენტში აღნიშნული იქნება თითოეული კანდიდატის შესაფასებლად აუცილებელი, ყველაზე მნიშვნელოვანი და მხოლოდ არსებითი ხასიათის საკითხების მცირე ნაწილი, რაც ნათლად უსვამს ხაზს მათ პიროვნულობას, პროფესიულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს.