„ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა, სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვოს
„ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა, სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვოს.
როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, მან შეხვედრაზე ფორმატის ცვლილების თაობაზე კონკრეტული წინადადებები დააყენა, მათ შორის ჯგუფის რაოდენობის შემცირების და კონკრეტული კვოტების განსაზღვრის საკითხი, როგორც პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ისე მოსამართლეთა წარმომადგენლობისთვის, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისთვის, სახალხო დამცველისთვის, ადვოკატთა ასოციაციისთვის.
როგორც ოთარ კახიძემ განმარტა, მისი ეს წინადადებიბი შეხვედრაზე არ დაკმაყოფილდა.
„ევროპულმა საქართველომ“ დააყენა კონკრეტული წინადადება სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. იუსტიციის საბჭოს მთელი შემადგენლობაა წარმოდგენილი. ის პირებიც, ვინც იმ 10 კაციან სიაში იყვნენ, რატომღაც არიან ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში. არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრას „მოსამართლეთა ასოციაციის“ სახელით ესწრება ლევან მურუსიძე. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც ჩვენ ვხედავთ აზრს, რომ რაიმე რეალურად განვიხილოთ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ მათი წინადადებების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარტია ამ სამუშაო ფორმატში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
„ეს წინადადებები ამ შეხვედრაზე არ იქნა გაზიარებული. იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგ შეხვედრამდე მოხდება ამ ფორმატის ცვლილება, თუ არა და ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მივიღებთ და საპარლამენტო ფორმატებში გავაგრძელებთ ჩვენი ინიციატივების ლობირებას“, -აღნიშნა ოთარ კახიძემ.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ წინადადებებს კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მათ პოლიტიკურ ძალას აქვს კონკრეტული წინადადება, როგორ უნდა ჩამოერთვას სასამართლოს კლანს მონოპოლია კანდიდატების დასახელებაზე.
ეს კი, კახიძის განმარტებით, ღია კონკურსთან ერთად, იმით უნდა დაიწყოს, რომ იუსტიციის საბჭოს ერთ წევრს მიეცეს კანდიდატის ნომინირების უფლება და ამ კანდიდატურის ჩაგდებას სჭირდებოდეს სრული კონსენსუსი საბჭოს წევრებს შორის.
„ჩვენ ვთვლით, რომ კეთილსინდისიერების და კვალიფიციურობის შეფასების კონკრეტლი მექანიზმი უნდა ჩაიდოს. ამავე დროს, თუ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომ გასამართლდა სტრასბურგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დარღვეული ამ საქმეში, ეს უნდა იყოს დამაბრკოლებელი გარემოება“, – განმარტავს ოთარ კახიძე.