„ევროპულმა საქართველომ“ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით საკუთარი ხედვა წარადგინა
ჩვენ გვინდა „ევროპული საქართველოს“ სახელით შევთავაზოთ ხელისუფლებას რამდენიმე იდეა და მოვითხოვოთ, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას, ელაპარაკებიან თვითკმაყოფილების ტონით და ტრაბახით, სჯობს, კონკრეტული ინსტრუმენტები ეფექტურად აამოქმედონ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
პარტიის წევრებმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ხელისუფლებას საკუთარი ხედვა, სამპუნქტიანი გეგმის სახით, დღევანდელ პრეზენტაციაზე წარუდგინეს.
როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, მასობრივი ვაქცინაციის ტემპების დასაჩქარებლად, აუცილებელია შეიქმნას ამცრელი მობილური ჯგუფები, საჯარო სფეროში დასაქმებულებისთვის შემოიღონ სავალდებულო ვაქცინაცია ან ტესტირება და ასევე, მოხდეს ვაქცინირებული მოსახლეობის წახალისება.
„გარდა სავალდებულო ან იძულებითი კომპონენტებისა, რაც შესაძლებელია არსებობდეს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წამახალისებელი ღონისძიებები. ამას მთელი რიგი განვითარებული ქვეყნები იყენებენ. ეს შეღავათები შეეხებათ ვაქცინირებულ ადამიანებს. მაგალითისთვის, მასწავლებლებისთვის შესაძლოა იყოს საგადასახადო შეღავათი, შესაძლებელია იყოს სხვა ტიპის შეღავათები. მაგალითად, ტაქსისთვის ან სხვა კერძო ტრანსპორტის მფლობელებისთვის ლიცენზიის მიცემა, თუ ისინი ვაქცინირებულები იქნებიან, ასევე, მაგალითად, პარკირების გადასახადისგან გათავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს სისტემა, აამოქმედოს და რაც შეიძლება მეტი წამახალისებელი ღონისძიება იყოს აცრილი მოქალაქეებისთვის“, – აცხადებს გიგი წერეთელი.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ კალოიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეთავაზებების განხორციელება მოხდეს ძალიან სწრაფად, რადგან თავიდან იქნას აცილებული არსებული ვითარების კიდევ უფრო დამძიმება.
„აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ვაქცინაციაზე ტექნიკური ხელმისაწვდომობის გაზრდას. მაქსიმალურად შეუფერხებლად უნდა შეძლოს მოსახლეობამ ვაქცინაცია. მათ შორის მობილურ ჯგუფებში, ეს არის მიღებული სტანდარტი, სხვანაირად ჩვენს სამიზნე ჯგუფებს ვერ მივაღწევთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირებში, რომლებიც შეიძლება გახდნენ გამავრცელებელი, იყოს ან სავალდებულო ვაქცინაცია, ან ტესტირება, რათა ისინი ვისაც არ აქვთ სურვილი აიცრან არ იყვნენ სახიფათო სხვა მოქალაქეებისთვის. ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ ძალიან სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დრამატული ვითარება და გარდაცვალების ტრაგიკული ციფრები, სამწუხაროდ, გაიზრდება, ჩვენ გველოდება ძალიან მძიმე აგვისტო და შემოდგომა. სწრაფი ადეკვატური და თანმიმდევრული ნაბიჯები არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, – აცხადებს ვახტანგ კალოიანი.