ევროპული თამაშები - ქართველთა მონაგარი ექვსი დღის შემდეგ | მინსკი 2019
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების მეექვსე საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს 6 ოქროს, 6 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი დაუგროვდა.
შედეგად, ჩვენი ქვეყანა ცხრილში მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსს ჩამორჩება.
ქართველთაგან ყველაზე მეტი – ოთხი ოქროს მედალი სამბისტებმა მოიპოვეს. ესენი არიან ბექა ბერძენიშვილი, ბექა ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი და ვახტანგ ჩიდრაშვილი, რასაც კიდევ ორი ძიუდოისტებმა – გურამ თუშიშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა მიამატეს.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს სამბისტებმა – ნინო ოძელაშვილმა, ელენე ქებაძემ და მინდია ლილუაშვილმა, ასევე ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა და ბატუტზე მხტომელმა ლიუბა გოლოვინამ.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალოსნებს, ესენი არიან ტყვიის მსროლელები – ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე, ძიუდოისტები – ამირან პაპინაშვილი, ლუკა მაისურაძე, ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი, ასევე სამბისტები – ბესარიონ ბერულავა, გივი ნადარეიშვილი, პაატა ღვინიაშვილი და გენადი ჩირგაძე.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას კიდევ სამი მედალი აქვს განაღდებული: დღეს, 27 ივნისს, მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი ფინალში აზერბაიჯანელ ჯავიდ ალიევს შეხვდება, ხოლო ხვალ, 28 ივნისს, მოკრივეები ოთარ ერანოსიანი და სახილ ალახვერდოვი ნახევარფინალურ ბრძოლებს გამართავენ.