„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელს ხვდებიან
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის პარტნიორობის დირექტორატის გენერალურ დირექტორ თომას მაიერ ჰართინგს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა არჩევნები და დემოკრატია იქნება.
„მთავარი თემა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იყო მოთხოვნილი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და იმ ცვლილებებს უკავშირდება, თუ რა უნდა გაკეთდეს გავლილი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, 2020 წლის არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლად. ამიტომ ბუნებრივია, შიდა დემოკრატია და არჩევნები მთავარი თემა იქნება“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, მისი თქმით, საუბარი შეეხება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობას.
„ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, მათ შორის, ჩვენი პარტიის მთავარი ხედვაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს. ნაბიჯ-ნაბიჯ, სექტორულად მივიწევდეთ ევროკავშირისკენ ყოველწლიურად. ამიტომ საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის გაღრმავება ჩვენგან ძალიან მნიშვნელოვანი თემა იქნება“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაც განიხილება.
ამასთან, როგორც დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა.
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანის ვიზიტი, რომელიც ჩვენი რეგიონის საქმეებით იქნება დაკავებული ევროკავშირში. ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა – თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა და ბუნებრივია, დემოკრატიული ოპოზიცია, „ევროპული საქართველო“ სრულ სურათს მივაწვდით მას ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზეც, რაც მთავარია, საგარეო გამოწვევებზეც. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ, რაში გვჭირდება დახმარება და ენერგია, სანამ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ მუშაობს ეფექტიანად ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.