„ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, ხულოს მერი თანამდებობიდან გაეშვა
„ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ხულოს მერი თანამდებობიდან გაეშვა, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციაში გააკეთეს.
პარტიის წევრი რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ ყოფილი მერი იყო უავტორიტეტო და მოსახლეობასთან შექმნა სერიოზული პრობლემები.
ამასთან, მისივე განცხადებით, მერის მოვალეობის შემსრულებლად ხულოს პოლიციის უფროსის ვახტანგ ბერიძის დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ ხულოში მაქსიმალურად ცდილობს ძალოვნების ჩართვას და გამოყენებას.
„არჩევნებამდე ათი დღით ადრე ხულოს მერისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომა პირდაპირ დაკავშირებულია იმ მძიმე შედეგებზე, რაც აქვს „ქართული ოცნებას“ აჭარაში. მმართველი გუნდი ხვდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს აგებს და ასევე აქვთ ძალიან დაბალი რეიტინგი. უავტორიტეტო მერის ძალოვანით ჩანაცვლებით უნდათ, საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარონ ხულოში, მაგრამ არაფერი გამოუვათ, მაინც წააგებენ. გოჩა მელაძე უავტორიტეტო, სუსტი მერი იყო“,- განაცხადა რაულ თავართქილაძემ
ხულოს მერმა გოჩა მელაძემ და პირველმა მოადგილემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს. მერის პირველ მოადგილედ ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე დაინიშნა, რომელიც მერის მოვალეობას შუალედურ არჩევნებამდე შეასრულებს.