„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილების პროექტის განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს
„ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არ აპირებენ, მონაწილეობა მიიღონ იმ დადგენილების პროექტის განხილვაში, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვა და ამის შემდეგ „ევროპული საქართველო“ სხდომას დატოვებს.
„დღეს „ქართული ოცნება“ არის არჩევანის წინაშე, ან იქნება მარტო საზოგადოების წინააღმდეგ და რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, ან აქვს მეორე არჩევანი, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დასაჯოს დამნაშავეები და ის, ვინც ხელს აფარებდა.
დღეს პარლამენტი ასრულებს ამ დასკვნის განხილვას, კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა. საბოლოო მიმართვის შემდეგ, ჩვენს ვალს ჩავთვლით მოხსნილად და აღარ მივიღებთ მონაწილეობას იმ დადგენილების განხილვაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ აპირებს მიიღოს, რადგან ამ დადგენილებით აპირებენ, ისაუბრონ, როგორ არაფერი მომხდარა, როგორ ყველაფერი არის კარგად და არავის ხელს არ აფარებენ, ამიტომ დისკუსიაში მონაწილეობას არავითარი აზრი არ აქვს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.