„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპარლამენტოს უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პირველი არხი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა პატივს მიაგებს რუსეთის სამხედრო აგრესიის მსხვერპლს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ 2008 წლის ომში საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რასაც მოყვა „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მსგავსი განცხადებები. აღნიშნული განცხადებები აღსავსეა უზნეო ტყუილებით და პასუხს არც დაიმსახურებდა რომ არა მათი ავტორის მაღალი ოფიციალური რანგი. ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრასთან დაკავშირებით ცივილიზებული სამყაროს მთავარ ლიდერთა შორის არსებობს სრული კონსენსუსი რომლის თანახმადაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ მომზადებული აგრესია განახორციელა. ომისთვის პასუხისმგებლობას მსხვერპლს – საქართველოს – მხოლოდ რუსეთის და საქართველოსვე ამჟამინდელი მთავრობები აკისრებენ.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1993 წლის აგრესიის შედეგად და საქართველოსთვის რუსეთის მიერ მოლაპარაკებათა მისთვის ხელსაყრელი ფორმატის თავს მოხვევის შემდეგ, რუსეთმა, ამ რეგიონებში განალაგა საკუთარი სამშვიდობო ძალები – შეიარაღებული დანაყოფები რომელთაც გააჩნდათ სამშვიდობო სტატუსი მაგრამ სინამდვილეში წარმოადგენდნენ საოკუპაციო ძალას.
ვოლსკის განცხადების პირველივე პუნქტი, რომელშიც ის საუბრობს სამშვიდობო გეგმის ჩაშლაზე, უტიფარ ტყუილს შეიცავს. მას, როგორც იმდროინდელ კონფლიქტების მოგვარების მინისტრის მოადგილეს და ამ პროცესის მონაწილეს უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს იმდროინდელი მთავრობის გეგმა ეუთო-ს ფარგლებში სწორედ რუსეთმა დაბლოკა, მიუხედავად იმისა რომ იგი ეუთო-ს ყველა წევრმა მოიწონა. 2004-2008 წლებში საქართველოს ხელისუფლება განუხრელად აპროტესტებდა იმას, რომ რუსეთს ჰქონდა შუამავლის როლი მაშინ, როცა იქცეოდა როგორც მხარე.
2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრამდე რამდენიმე თვით ადრე აშშ სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით, უნდა შემუშავებულიყო სრულფასოვან მოლაპარაკებათა ახალი ფორმატი და ახალი სამშვიდობო გეგმა. ამ ფორმატის შეხვედრა სწორედ რუსულმა მხარემ ჩაშალა 2008 წლის ივლისში ე.წ. აფხაზური მხარის ხელით, რომელიც შეხვედრაზე უბრალოდ არ გამოცხადდა.
ომის წინა დღეებშიც, საქართველოს მთავრობამ დიალოგის ინიცირებისთვის არაერთ მცდელობას მიმართა. თუმცა შვიდ აგვისტოს, ქვეყანა დადგა ფაქტის წინაშე, სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა და ჯავშანტექნიკამ, რომლებიც არ შედიოდნენ ე.წ. სამშვიდობო ძალების კონტინგენტში – ადგილი ჰქონდა სრულმასშტაბიან სამხედრო შემოჭრას. პარალელურად, იბომბებოდა საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლები, რომელთა მცხოვრებნიც მოექცნენ ფიზიკური განადგურების მყისიერი საფრთხის ქვეშ. დაიღუპნენ ქართველი სამშვიდობოები. მოვლენათა ამგვარი განვითარების შესახებ საქართველოს ყველა პარტნიორი ინფორმირებული იყო დაუყოვნებლივ. აღნიშნულის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მალევე საჯარო განცხადება გაავრცელა.
სრულიად აღმაშფოთებელია, რომ ვოლსკი რუსული აგრესიის დღეებში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისთვის ტალახის სროლით ცდილობს ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას. იმ რთულ დღეებში რუსთაველზე მოეწყო ქართული საზოგადოების, მათ შორის ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. აქციის მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო არ შეეგუება სუვერენიტეტის და თავისუფლების დაკარგვას, რაც იყო კიდეც რუსეთის ამოცანა. აქციის კადრებმა მოიარა მსოფლიოს წამყვანი არხები, რითაც საკუთარი წვლილი შეიტანა საინფორმაციო ომში.
რაც შეეხება აგრესიის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის არგამოყვანას, ვოლსკი აქაც ტყუის: სწორედ ქართული ჯარის მოქმედებებმა მისცა შანსი მშვიდობიან მოსახლეობას ნაკლები მსხვერპლით დაეტოვებინა ტერიტორია, რომელიც მტრის სამხედრო ძალის მოწოლის ქვეშ იყო. სწორედ ამ მოქმედებებს იყენებს გარე მტერი და „ქართული ოცნება“ საქართველოსთვის ომის დასაბრალებლად. რომ არა ჩვენი ჯარის მოქმედება, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან მოსახლეობის გამოსვლა სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირობებში სრულიად შეუძლებელი იქნებოდა.
დანარჩენი აბსურდულ ბრალდებები – რომ რუსეთთან შეთანხმებით ცარიელი ადგილები იბომბებოდა და ან ბრძოლის ველზე მოხდა დაღუპული ჯარისკაცების მიტოვება მბრალმდებლის სრულ უზნეობაზე მეტყველებს. კომუნისტური პარტიის ცეკა-ს ინსტრუქტორისგან, რომელმაც საკუთარი კარიერის დიდი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუშაობას მოახმარა, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, ამგვარი რიტორიკა გასაკვირი არაა. ასევე არაა გასაკვირი, რომ რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს დადანაშაულების საკუთარ ხაზს, მაგრამ უმძიმესი რეალობაა, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ხაზს მხარს უბამს. სწორედ ამიტომ, ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ მშვიდობიანი არჩევნებით 2020 წელს და ივანიშვილი და მისი გუნდი ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას“, – ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსი გამოაქვეყნა. ვოლსკი 9 პუნქტს გამოყოფს. უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ „სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა; ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები; განზრახ გაწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა“.