ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი - ვილნიუსის სამიტზე უკრაინას მთავარი არ მიუღია, რადგან ალიანსის ქვეყნების ლიდერები არ რისკავენ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას
ევროპული ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი - ვილნიუსის სამიტზე უკრაინას მთავარი არ მიუღია, რადგან ალიანსის ქვეყნების ლიდერები არ რისკავენ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას

უკრაინას ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე მთავარი არ მიუღია, რადგან ალიანსის ქვეყნების ლიდერები არ რისკავენ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

„მთავარი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ ვილნიუსისგან არის ის, რომ ნატო-ს ლიდერები არ იყვნენ მზად, აეღოთ პასუხისმგებლობა უფრო ამბიციურ განცხადებაზე, რადგან ისინი არ გრძნობდნენ მხარდაჭერას მათი საზოგადოებების მხრიდან,”- განაცხადა სტეფანიშინამ.

მისივე თქმით, ვილნიუსში „უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების გარანტიების მიცემას“ შესაძლოა, შეეცვალა რუსეთთან ომის მიმდინარეობა.

„ეს მხოლოდ ხუთი დამატებითი სიტყვაა ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში, მაგრამ ისინი შეცვლიდნენ ომის მიმდინარეობას – პუტინი „მოკვდებოდა“. თუმცა, პოლიტიკური ნება არ არსებობდა ამ ხუთი სიტყვის ჩასართავად. თავიდან ჩვენ აღშფოთებული ვიყავით ამით, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ გვჭირდება ამ ქვეყნების საზოგადოებებისა და პარლამენტების მხარდაჭერა, რათა მათ ლიდერებს ჰქონდეთ საკმარისი ნება ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად”, -აღნიშნა სტეფანიშინამ.

შეგახსენებთ, ნატო-ს წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი მოიწვევდნენ უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად, „როდესაც შესრულდება პირობები“.