„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ საჰაერო მიმოსვლის გახსნაზე გადაწყვეტილება დაგვიანებულია
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ საჰაერო მიმოსვლის გახსნაზე გადაწყვეტილება დაგვიანებულია

„ევროპული საქართველო“ ევროკავშირის ხუთ სახელმწიფოსთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

კანდელაკის თქმით, საზღვრის გახსნისკენ მთავრობას დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდნენ.

კანდელაკი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯი დაგვიანებულია.

„ეს სწორედ ის არის, რისკენაც დიდი ხანია მოვუწოდებდით მთავრობას, მაგრამ ამავე დროს, ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი. უამრავ ადამიანს, ბიზნესს, უკვე მიდგა ძალიან სერიოზული ზარალი ამ გაურკვევლობის გამო“, – განაცხადა კანდელაკმა.

ამასთან, კანდელაკი აღნიშნავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაში რიგი საკითხები გაუგებარია.

„სწორია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება გახსნის შესახებ, მაგრამ ამავე დროს სრულად გაუგებარია, რატომ ვთხოვთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაიარონ 14-დღიანი კარანტინი იმ შემთვევაშიც კი, თუ ისინი იმყოფებოდნენ ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომელთათვისაც ჩვენ გახსნილი გვაქვს საზღვარი კარანტინის გარეშე.

რა სახის დისკრიმინაციას აქვს ადგილი? სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებაა და ახლავე მოვუწოდებ მთავრობას, ეს გადაწყვეტილება შეცვალონ. ასევე, მოუწოდებ მთავრობას, გააფართოვონ იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთათვისაც ჩვენ ვხსნით საზღვრებს.

გაუგებარია, მაგალითად რატომ არ არის ამ ნუსხაში პოლონეთი, ჩვენი ტურისტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. პოლონეთში სიტუაცია არის საკმაოდ ნორმალური. რატომ არ არის დანია, ფინეთი“, – აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

ამასთან, ის მოუწოდებს მთავრობას, რომ თურქეთთან სახმელეთო საზღვარი გახსნას.

„ამავე დროს, მოვუწოდებ მთავრობას, რომ რეგულაციებით, კოვიდ-პასპორტის მოთხოვნით და ტესტირებით, თუ საჭიროა, სხვა დამატებითი რეგულაციებით გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან, რადგან თურქეთში მუშაობს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე სეზონურ სამუშაოზე და ეს არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირ შემთვევაში, ერთადერთი წყარო. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგან ის სწორი ჯაბიჯები, რომლებიც ერთადერთი გამოსავალია ამ ძალიან რთულ სიტუაციაში“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის.