„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციაში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება მიმდინარეობს
ოპოზიციაში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე კოორდინაცია და შეთანხმება მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც პარტიის პრესსამსახურიდან საქართველოს პირველ არხს აცნობეს, პოლიტსაბჭოს წევრებმა პოლიტიკური გეგმები განიხილეს, საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და ნებისმიერი საარჩევნო მოდელით არჩევნებში მონაწილეობის ჩათვლით.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ სისტემაში, ახალი თუ არსებული სისტემის შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ მზად არის „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.
„დღეს პარტიაში განვიხილეთ ჩვენი სამომავლო სტრატეგია და ბრძოლის გეგმები, „ევროპული საქართველო“ რჩება ოპოზიციური ბრძოლის წინა ხაზზე და ჩვენი ამოცანა იქნება – მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს ახალი შეთანხმებული, თუ დღევანდელი სისტემა, მზად ვართ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. მიმდინარეობს კოორდინაცია და შეთანხმება ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე ოპოზიციაში. დღეს გავიარეთ კონკრეტული პარტიული აქტივობების გეგმა, ჩვენი კონკრეტული შიდა საკითხები, რომელიც შეეხება სიის ფორმირებას, მაჟორიტარების დასახელებას“ , – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, პარტიაში არის ერთსულოვნება და ყველა მზად არის საბრძოლველად.
„ჩვენი ამოცანაა მშვიდობიანად, მშვიდად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას ის გუნდი, რომელმაც უკუსვლის და პრობლემების მეტი ვერაფერი ვერ მოუტანა საქართველოს”, – აღნიშნა ბაქრაძემ.