ევროპოლმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 100-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შესახებ განაცხადეს
ევროპოლმა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) 100-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შესახებ განაცხადეს.
ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ევროპოლის განცხადებით, რამდენიმე კონტინენტზე მასშტაბური ოპერაცია განხორციელდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.
ევროპოლის წარმომადგენლის, ფილიპ ლეკუფის თქმით, 16 ქვეყანაში 800-ზე მეტი ეჭვმიტანილია დაკავებული. ლეკუფის განცხადებით, ევროპაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში 700-ზე მეტი ჩხრეკა განხორციელდა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 30 ტონაზე მეტი ნარკოტიკი, მათ შორის რვა ტონაზე მეტი კოკაინი, იარაღი და ფულადი თანხა.
გამოძიება „ტროას ფარის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც კოორდინაციას ევროპოლი უწევდა და 16 ქვეყნის სპეციალიზებული დეპარტამენტების მონაწილეობით ჩატარდა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლის, კალვინ შივერსის თქმით, 100-ზე მეტ ქვეყანაში დაშიფრული ტელეფონების 300-ზე მეტ დაჯგუფებაში შეგზავნა უზრუნველყვეს, რის შედეგადაც 18 თვის განმავლობაში სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის კომუნიკაციების მოსმენა გახდა შესაძლებელი.
გარდა ამისა, შემოწმდა 27 მილიონზე მეტი ელ-ფოსტა. გამომძიებლებმა დაშიფრულ პლატფორმა ANOM- ზე შეძლეს წვდომის მოპოვება, რომელსაც დაჯგუფებები კომუნიკაციისთვის იყენებდნენ. დაშიფრული ტელეფონებით შესაძლებელი გახდა მაფიის, დანაშაულებრივი კლანებისა და აზიური დანაშაულებრივი სინდიკატების გეგმების გარკვევა, რაც ნარკოტიკებით ვაჭრობას, ფულის გათეთრებას და 100-ზე მეტ ქვეყანაში დაგეგმილ მკვლელობებს ეხებოდა. დაკავებულებს, დაშიფრული საკომუნიკაციო ქსელებისა და კრიპტოტელეფონების გამოყენებით, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობაში ედებათ ბრალი.
ოპერაციაში აშშ-ისა და ევროპოლის გარდა, მონაწილეობას იღებდნენ გერმანია, ავსტრია, შვედეთი, დანია, ესტონეთი, ლიტვა, ნორვეგია, შოტლანდია და დიდი ბრიტანეთი.