ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დოქტორი ანა ლიურმანი სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი საკითხია საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ამისთვის საჭირო რეფორმები.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან. საელჩოს ინფორმაციით, დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დისკუსია სტუდენტებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის კლიმატთან დაკავშირებული გერმანული პროექტების შესახებ.
ასევე, როგორც გერმანიის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, „ლიურმანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრება სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ ზოლთან“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტი 4 ოქტომბერს დასრულდება.