ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი - ჩვენი ელჩი არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მას ყოველთვის დავუჭერ მხარს
ღრმად გვაშფოთებს, რაც ბოლო დროს ვნახეთ, რადგან ჩვენ ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ იქნება პროგრესი, მაგრამ გვაშფოთებს, რომ დღეს არის პროგრესის ნაკლებობა, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სენატორ ბენ კარდინის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ბენ კარდინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა: „ვაღიარებ, საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვნახეთ უკუსვლა დემოკრატიულ წარმატებებში. ევროკავშირმა გააცალკევა უკრაინა და მოლდოვა საქართველოსგან. ეს არის ცხადი მითითება, რომ ევროკავშირი ხედავს უკუსვლას. ჩვენ ვნახეთ კრიტიკა ჩვენი ელჩის მიმართ. ჩვენ ვნახეთ წინააღმდეგობა მართლმსაჯულების რეფორმაში. რა არის ჩვენი სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით დემოკრატიული ინსტიტუტების წინსვლის კუთხით, როგორ ვაპირებთ პროგრესის მიღწევას?
ამასთან, კარენ დონფრიდის თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩი არის აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მას ყოველთვის დაუჭერს მხარს.
„აშშ არის საქართველოს პარტნიორი 1991 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვნახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოში. მაგალითად, როგორიც არის ევროატლანტიკური კავშირების გაძლიერება. სწორედ ამ პროგრესზე დაყრდნობით, ჩვენ გვაქვს პარტნიორობა საქართველოსთან.
ღრმად გვაშფოთებს, რაც ჩვენ ბოლო დროს ვნახეთ, რადგან ჩვენ ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში. მე საქართველოში ვიყავი, როდესაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით და შემდეგ კვირაში ევროკავშირის საბჭოსგან გაჟღერდა. იცით, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭება საქართველოში ძალიან ემოციური იყო. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვიყავი და ისინი ტიროდნენ, რადგან საქართველო იყო ლიდერი ევროკავშირის წევრობის გზაზე. რაც საქართველოსთან მიმართებით ვიცი, არის ის, რომ მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რაც ზეწოლას ახდენს მთავრობაზე.
რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ვეუბნებით საქართველოს მთავრობას, ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირს რეფორმების სიაში, რომელზეც ევროკავშირი ამბობს, რომ აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ აქ ვართ, დაგეხმაროთ რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ იქნება პროგრესი, მაგრამ აბსოლუტურად გვაშფოთებს, რომ დღეს არის პროგრესის ნაკლებობა. თქვენც ახსენეთ, რომ საქართველოში არის აღმაშფოთებელი კრიტიკა ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ.
მინდა, ვუთხრა სენატის წევრებს, რომ ჩვენი ელჩი არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მას ყოველთვის დავუჭერ მხარს. ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფები არ არიან მთავრობის ნაწილი, რომლებიც ხმამაღლა და არასწორად აკრიტიკებენ ელჩს, აქვთ ახლო კავშირები მთავრობასთან, ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის საქართველოსთან ჩვენს თანამშრომლობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეხსენება, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და ისწრაფვის, უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, აშშ-სთან კავშირებსა და მის დემოკრატიაზე. ჩვენ განგრძობად ჩართულობას და მხარდაჭერას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისთვის და სამხრეთ კავკასიისთვის“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.