ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავისთვის შესაძლოა, 100 მილიონი დოლარი გამოყოს
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), შესაძლოა, 100 მილიონი დოლარი გამოყოს.
შესაბამისი ინფორმაცია ბანკის საიტზე გამოქვეყნდა.
პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 300 მილიონ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაფინანსებაზე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკთან მიმდინარეობს.
მიწისქვეშა გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოს დაწყება მიმდინარე წელს, დასრულება კი 2020 წლისთვის ანუ იმ პერიოდისთვის იგეგმება, როდესაც საქართველოს მიერ შაჰ-დენიზის საბადოდან მისაღები გაზის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დამუშავებულ ნავთობის საბადოზე აშენდება და მასში 300 მილიონ კუბური მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.
ეს ქვეყნის დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-მდე შეადგენს.