ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩრდილოეთ კორეის საკითხზე შეხვედრას გამართავენ
ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩრდილოეთ კორეის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იუწყება. ევროპელი დიპლომატები ბრიუსელში 28 მაისს შეიკრიბებიან. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი წარუძღვება.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაგეგმილი სამიტი არ შედგება. აშშ-ის პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს ამის შესახებ წერილის საშუალებით აცნობა, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.
წერილის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ბოლო განცხადებები ღია მტრობას შეიცავს. სწორედ ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი სამიტის გამართვას ამ ეტაპზე შეუსაბამოდ მიიჩნევს. ამავდროულად, წერილში დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მაინც შეძლებს.