ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2015-2018 წლებში საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გამართა
ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2015-2018 წლებში საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებაზე იმ რვა პროექტზე ისაუბრეს, რომელიც 2015-2018 წლებში ხორციელდება საქართველოში და, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4.1 მილიონი ევროა. აქედან 85%-ს ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო 15%-ს -ევროპის საბჭო.
პროექტები ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ციხეებში ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს, ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტთავისუფლებას, ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებასა და არჩევნების მხარდაჭერას.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს თქმით, მომავალში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა და პროექტების განხორციელება გაგრძელდება.
„პროექტებზე მუშაობის ფარგლებში არაერთ ინსტიტუტთან გვქონდა ურთიერთობა – სამინისტროებთან, საჯარო სამსახურებთან, პროფესიულ ასოციაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გვაქვს დაგეგმილი პროექტები, რომლებიც განხორციელდება 2019-2021 წლებში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სასამართლოს რეფორმის მიმართულებით, ასევე ვიმუშავებთ, რომ უფრო ანგარიშვალდებული და გამჭირვალე გახდეს სასამართლო სისტემა. ვიბრძოლებთ კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ. არცერთ პროექტზე მუშაობა არ შეწყდება და ევროკავშირთან ერთად გავაგრძელებთ უფრო სიღრმისეულ კვლევას“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.