ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სოფელ ოძისში იმყოფებოდა [ფოტო]
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე სოფელ ოძისში ჩავიდა. ლილიან მორი პასკიემ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. ოძისიდან კარგად ჩანს ოკუპირებულ სოფელ ახმაჯში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა.
საოკუპაციო ზოლში შექმნილი ვითარების შესახებ და ოკუპირებული ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეებზე ინფორმაცია სტუმარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარტნიორებმა ნახონ, რა ხდება საოკუპაციო ზოლში.
„მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ყურადღება გამახვილდა იმ საფრთხეებზე და გამოწვევებზე, რომელიც მომდინარეობს ოკუპირებული რეგიონიდან. აქცენტი გაკეთდა პრობლემებზე, რომელსაც ყოველდღე აწყდება მოსახლეობა უკანონოდ აღმართული მავთულხლართების, რკინის ღობეებისა და ხელოვნური ბარიერების გამო. მსგავსი ტიპის ვიზიტები უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მაღალი რანგის სტუმრებს აქვთ საშუალება, საკუთარი თვალით ნახონ და გაეცნონ ვითარებას. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ნახონ, რა ხდება საოკუპაციო ზოლში, რათა გავრცელდეს ობიექტური ინფორმაცია”,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
სოფელ ოძისში ჩასვლამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში იმყოფებოდა.
ლილიან მორი პასკიე საქართველოს გუშინ ეწვია. ის დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.