ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - საქართველოს თავმჯდომარეობა გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპის საბჭოში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით ქვეყნის ძალისხმევას, ოკუპირებულ რეგიონებსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებულ მემკვიდრეობაზე ევროპის საბჭოში.
„ცხადია, განვიხილეთ უამრავი საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, საქართველოს პრემიერის ინიციატივა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის შესახებ, ტრიოს ფორმატი მოლდოვასთან და უკრაინასთან. მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო საქართველოს თავმჯდომარეობა, რაც გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპის საბჭოში“, – განაცხადა რიკ დემსმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ნამდვილად დიდ პროგრესს განიცდის და მთავარი საკითხი, რომელიც ევროსაბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეას აინტერესებს, არის ის, რომ ქვეყანა დარჩეს და უფრო და უფრო შორს წავიდეს პანევროპული და ევროპული საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოში ემოციების დეესკალაციას. მაქვს განცდა, რომ ემოციები მცირდება. ეს პოლარიზაცია უნდა შემცირდეს. თქვენ ვერასოდეს გამართავთ ღირსეულ დიალოგს და ვერ ვიპოვოთ გამოსავალს, თუ მხოლოდ ემოციებით ვისაუბრებთ. ყველამ უნდა ვეცადოთ, პრობლემის ნაწილად დარჩენის ნაცვლად, ვიყოთ გადაწყვეტილების ნაწილი. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ პროგრესს მივაღწევთ, რადგან ურთიერთობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის განსაკუთრებულია. ჩვენ უნდა მოვახდინოთ დეესკალაცია და ასეც გავაკეთებთ“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.