ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საკითხის - „დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“ განხილვა მიმდინარეობს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საკითხის - „დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“ განხილვა მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ასევე ცნობილია უცხოური აგენტების კანონის სახელით, შეუთავსებელია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისიის შეფასების თანახმად, რომლის დასკვნასაც ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს, ეს კანონი არის ფუნდამენტურად მცდარი, ის არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, აზიანებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და უნდა გაუქმდეს ამჟამინდელი ფორმით, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელმა, ედიტე ესტრელამ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს კანონი იყო დამტკიცებული საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, რამაც ქართულ საზოგადოებაში ღრმა განხეთქილება შექმნა. ეს აჩენს კითხვებს ევროპული სტანდარტების და ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულებების მიმართ ქვეყნის ერთგულებასთან დაკავშირებით“.

„ამასთან, რჩება კითხვები იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რატომ წარადგინა ხელისუფლებამ ეს კანონი. ამ კანონს არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ან მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან. საქართველოს უკვე აქვს მაღალგანვითარებული ქსელი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ასევე ყოვლისმომცველი კანონმდებლობა ლობიზმის რეგულირებისთვის. ის არ ისახავს მიზნად ფარული და მავნე უცხოური გავლენის შეფერხებას, თუმცა ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე გადაჭარბებული პოლიტიკური კონტროლის უფლებამოსილებას აძლევს“, – განაცხადა ედიტე ესტრელამ.

ამასთან, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლის განცხადებით, საქართველოს მმართველმა პარტიამ აღნიშნული კანონი უნდა გააუქმოს.

„როგორც თანამომხსენებლები, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ეს კანონი. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით ჩვენს შეშფოთებას დემონსტრანტების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და დეპუტატების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენების, ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიის გამო. ეს თავდასხმები და დაშინების ქმედებები არ ყოფილა საფუძვლიანად გამოძიებული და არ ყოფილა სათანადოდ დაგმობილი ხელისუფლების მხრიდან, რამაც, შესაძლოა, შექმნას დაუსჯელობის გარემო მსგავსი ქმედებებისთვის. თუმცა კანონის მიღება არ არის ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა არ ასრულებს თავის ვალდებულებებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. არის შემაშფოთებელი მოვლენების სერია, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო რეფორმების დაბლოკვა, საარჩევნო კოდექსის შეუთანხმებელი ცვლილებები ან ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონპროექტის წარდგენა, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით ფართოდ მიღებულ სტანდარტებთან შეუთავსებელი ჩანს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ეს ნეგატიური ტენდენცია უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ედიტე ესტრელამ.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გადალახოს გამოწვევები.

„ცოტა ხნის წინ საქართველოს ხშირად ასახელებდნენ მაგალითად რეგიონში რეფორმების ჩატარების მის შესაძლებლობისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ღია და კონსტრუქციული დიალოგის სურვილის გამო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენებმა ეს აღქმა შეცვალა. ამის მიუხედავად, ჩვენ გვჯერა საქართველოს შესაძლებლობის, გადალახოს გამოწვევები და დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ ხალხის მტკიცე მხარდაჭერის. ჩვენი მხრიდან ვადასტურებთ მხარდაჭერას თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ“, – განაცხადა ედიტე ესტრელამ.