ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმპლემენტაციის პროცესს მიესალმება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მიღებულ რეზოლუციაში, საქართველოს მიერ წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს აფასებს და ორ მნიშვნელოვან მიმართულებას უსვამს ხაზს – იგი მიესალმება საქართველოში ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაციას და საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტს, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების გაძლიერებას ემსახურება,- ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესს.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტის გაძლიერების პროცესში, საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს ასამბლეის მხრიდან.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმა რეფორმის განხორციელების ფორმატსა და პროცესს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება იმ ჩართულობით, ღია პროცესს, რომლის შედეგადაც მომზადდა აღნიშნული დოკუმენტი.
მათი მხრიდან გვაქვს მხარდაჭერა, რომ ეს ყველაფერი, რაც კანონში უკვე ჩავდეთ, პრაქტიკაში განვახორციელოთ და ჩვენი პარლამენტი ვაქციოთ, რეალურად, ისეთ ძლიერ საკანონმდებლო ორგანოდ, რომელიც არასდროს არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას.
ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია იმ პირობებში, როდესაც საქართველო ხდება სრულიად საპარლამენტო რესპუბლიკა. შტოთა ბალანსი, რომელიც აქამდე დარღვეული იყო, უნდა გასწორდეს და პარლამენტმა უნდა შეძლოს, სრულად უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს.
როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ცალსახად აღნიშნა, ეს პროცესი სწორი მიმართულებით მიგვყავს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.