საქართველო აგრძელებს ხელშესახებ პროგრესს ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დაცვის კუთხით, ამ მხრივ საქართველო აგრძელებს წინა ანგარიშებში აღნიშნულ ტრადიციას, – ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის დეპუტატმა, ტიტუს კორლატეანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გააკეთა, რომელზეც დღეს საქართველო მიერ ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.
ამასთან, მისივე თქმით, ანგარიშში აღნიშნულია რამდენიმე ხარვეზი, რომელთა გამოსწორებაც საჭიროა, ვიდრე ქვეყანა პოსტ-მონიტორინგის დიალოგის პერიოდში გადავა. თუმცა მიღწეული პროგრესი უნდა იყოს აღიარებული.
„თუმცა, ამ ანგარიშში გამოხატული რეკომენდაციების შესრულება დამოკიდებულია ორ მნიშვნელოვან ასპექტზე, პირველი – არ უნდა აღინიშნოს რეგრესი. მეორე -ეს მოითხოვს ორივე მხარის პოლიტიკურ ნებას, როგორც მმართველი ხელისუფლების, ისე ოპოზიციის. ორივე მხარე უნდა მოეკიდოს პატივისცემით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, და არა მხოლოდ ერთმა რომელიმე მხარემ. ეს მოითხოვს თანამშრომლობას პოლიტიკურ ძალებს შორის და ეს სამწუხაროდ საქართველოსთვის გამოწვევაა.
რადიკალურად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო არის მზარდი შეშფოთების საგანი. ეს არის პოლიტიკური გარემო დაფუძნებულია შესაბამის ანტაგონისტურ პოლიტიკურ სტრატეგიებზე. თანხმობის არ არსებობა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის, რაც გამორიცხავს კონსტრუქციულ თანამშრომლობას, ზეგავლენას ახდენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაზე და წარმოადგენს დაბრკოლებას საქართველოს კონსოლიდაციისთვის. ყველა პოლიტიკური ძალა, ოპოზიცია და მმართველი პარტია, ინაწილებენ პასუხისმგებლობას შექმნილ სიტუაციაზე. ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას, დააყენონ ქვეყნისთვის საჭირო სიკეთე, ნებისმიერ ვიწრო პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა, რათა ითანამშრომლონ და პატივი სცენ ქვეყნის მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს“,- განაცხადა ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის დეპუტატმა.
მისივე თქმით, პროგრესი იყო მიღწეული და საქართველოში განსაკუთრებული გაუმჯობესება ეხება კონსტიტუციურ ჩარჩოს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მოჰყვა.
„როგორც ვთქვით, ხელშესახებ პროგრესი იყო მიღწეული, განსაკუთრებული გაუმჯობესება ეხება ახლა კონსტიტუციურ ჩარჩოს, რაც მოჰყვა 2017 წელს დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს ახალი კონსტიტუცია ქმნის ძლიერ საფუძველს კონტროლისა და ბალანსის სისტემისთვის ქვეყანაში და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის. მიუხედავდ იმისა, რომ პროცესი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტად ინკლუზიური, ეს მაინც მისასალმებელია. თუმცა, ჩვენს მწუხარებას გამოვთქვათ, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დროსთან დაკავშირებით კონსენსუსი არ შედგა. ეს გახლავთ საკითხი, რომელიც აგრძელებს პოლიტიკური ძალების და საზოგადოების დაყოფას. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელზე გადასვლის რეკომენდაცია ასამბლეამ დიდი ხნის წინ გასცა, ახლა ძალაში შევა. რაც მოხდება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე 2024 წელს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ ახლა უნდა ითანამშრომლოს, რათა ეს სისტემა პრაქტიკაში იყოს დანერგილი, რაც უნდა იყოს დაფუძნებული ფართო დისკუსიებსა და ყველა დაინტერესებულ პირს შორის კონსენსუსზე. როდესაც ეს მოხდება, იმედი გვაქვს, რომ დებატები ამ საკითხზე წარსულს ჩაბარდება.
მიუხედავად ამისა, არჩევნები ქვეყანაში იყო დაძაბულობის წყარო, რაც უნდა იყოს დაძლეული. ჩვენ სერიოზული რეკომენდაციები გავეცით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გაითვალისწინონ.
მართლმსაჯულების რეფორმა იყო პრიორიტეტული ხელისუფლებისთვის და ბევრი იყო მიღწეული რეფორმების მეოთხე ტალღის პერიოდში. თუმცა რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი რჩება, რაც გავლენას ახდენს სასამართლოს ნამდვილ მიუკერძოებლობაზე და მივყავართ სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის ბრალდებამდე. ეს ზემოქმედებას ახდენს საზოგადოების ნდობაზე ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტისადმი. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღის ნამდვილად დამოუკიდებელი შეფასების ორგანიზება მოახდინოს, რაშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო პარტნიორები, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება მიღწეული პროგრესი“,- აღნიშნა ტიტუს კორლატეანმა.
ამასთან, მისივე თქმით, ასევე გამოვლინდება ის სფეროები, სადაც საჭიროა სამომავლო ნაბიჯების გადადგმა.
„ამ მხრივ გამოვყოფდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გაგრძელების საჭიროებას, რომლის ფუნქციონირება ფართოდ განიხილება დაბრკოლებად მართლმსაჯულების მიუკერძოებლობისთვის. ჩვენი სპეციფიკური რეკომენდაციაა, რომ მოსამართლეების დანიშვნა მოხდეს არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, არამედ მათი კოლეგების მიერ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დღეს მოქმედი წესი განიხილება, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელთ არსებული მექანიზმი, რომელითაც ის ახორციელებს მოსამართლეების კონტროლს“- აღნიშნა საქართველოს შესახებ ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა.
თანამომხსენებლის თქმით, ანგარიშში გასცეს რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის ახალი ადმინისტრაციული კოდექსის შემუშავება, რადგან, როგორც ტიტუს კორლატეანი აცხადებს, „დღეს მოქმედი მოდის საბჭოთა პერიოდიდან და განიხილება როგორც დრომოჭმული“.