ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „იდენტობის“ ჯგუფის ორ საქმეზე აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მიმართ „იდენტობის“ ჯგუფის საქმეები დებატების გარეშე განიხილა და ორ საქმეზე აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა.
საუბარია საქმეებზე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე წარდგენილი ინფორმაცია და დებატების გამართვა საჭიროდ არ ჩათვალა. გადაწყვეტილებაში კომიტეტი მიესალმა იმ წარმატებულ რეფორმებს, რაც საქართველოში ხორციელდება შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით და
- პოზიტიურად აღნიშნა ამ ტიპის დანაშაულებზე სპეციალიზებულ პროკურორთა და გამომძიებელთა ინსტიტუტის შექმნა და მოწმეთა და დაზარალებულთა მხარდაჭერისა და დაცვის გაძლიერება კოორდინატორის სამსახურების მეშვეობით;
- ინტერესით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის გაფართოება;
- პოზიტიურად შეაფასა მთავრობის მუდმივი ძალისხმევა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სფეროში გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების ტრენინგებით უზრუნველყოფის მიმართულებით;
- მიესალმა მთავრობის მიერ წარდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2018-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელ განაჩენთა მაჩვენებელი.
„ამასთან, კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას, მთელი ძალისხმევით კვლავ განაგრძოს თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა უპასუხოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებს; კიდევ უფრო გააუმჯობესოს ამ კუთხით დანაშაულის გამოძიება და წარუდგინოს მინისტრთა კომიტეტს ამგვარი დანაშაულების გამოძიების განახლებული სტატისტიკური მონაცემები და მათი შედეგები.
მინისტრთა კომიტეტმა მხედველობაში მიიღო, რომ „იდენტობის“ ჯგუფის საქმეებზე მომჩივნებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სამართალწარმოებაში და, სურვილის შემთხვევაში, ეროვნული სასამართლოების წინაშე მოითხოვონ კომპენსაცია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა, დახუროს ზედამხედველობა ხსენებული ჯგუფის საქმეების ინდივიდუალურ ღონისძიებებზე და მიიღო საბოლოო რეზოლუცია საქმეებზე − „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. მინისტრთა კომიტეტი „იდენტობის“ ჯგუფის საქმეთა განხილვას 2021 წლის დეკემბრის სხდომაზე დაუბრუნდება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.