ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქტიური საბრძოლო მოქმედებებისას ჩადენილი მძიმე დანაშაულებები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, დეტალურად, დამოუკიდებლად, ეფექტიანად და ოპერატიულად გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს აქტიური საბრძოლო მოქმედებებისას ჩადენილი მძიმე დანაშაულებები.
ამის შესახებ ნათქვამია „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის განცხადებაში.
გამოქვეყნებულ დოკუმენტში კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამასთან, კომიტეტი მტკიცედ ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც აღნიშნულ რეგიონებზე კონტროლს ახორციელებს, უზრუნველყოს იმ პირების უსაფრთხო დაბრუნება, რომლებსაც სახლებში დაბრუნება სურთ.
აღნიშნულ საქმეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 2022 წლის დეკემბერში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს.