ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმეს ივნისის სხდომაზე აღარ განიხილავს და სექტემბრის სხდომაზე დაუბრუნდება
2020 წლის 3-5 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმის (ე.წ. საკნიდან გაყვანის ეპიზოდი) აღსრულების პროცესი შეაფასა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში საქართველომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა. კერძოდ, სხვებს შორის, გაანალიზდა ვიდეოკამერების ჩანაწერები და შედგა შესაბამისი ოქმები, გამოკითხულ იქნა 30 მოწმე, მოპოვებულ იქნა სატელეფონო კომუნიკაციებისა და ანძების მონაცემები. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, გააორმაგონ ძალისხმევა, რათა დროულად დადგინდეს ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს კომიტეტს.
„გადაწყვეტილებაში აგრეთვე ყურადღება გამახვილებულია გამოძიების პროცესში მომჩივნის ჩართულობის საკითხზე და აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის ადვოკატს აქვს გამოძიების მასალებზე წვდომა. აგრეთვე, დადებითადაა შეფასებული, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანო უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობას, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გამოძიების შედეგებს ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საქმეს 2020 წლის ივნისის სხდომაზე აღარ განიხილავს და სექტემბრის სხდომაზე დაუბრუნდება.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია.
მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში − იკრიბება. კომიტეტის წევრები − ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის წარმომადგენლები − კენჭს უყრიან დოკუმენტს სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.