ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას ევროკავშირის სახელით განცხადება გაკეთდა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას განცხადება გაკეთდა ევროკავშირის სახელით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებაში ევროკავშირი მიესალმება გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი შენარჩუნების მნიშვნელობას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ანგარიშგების კვლავ გაგრძელებას.
„განცხადებაში ევროკავშირი გამოთქვამს სინანულს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შეუსრულებლობის გამო და მოუწოდებს გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივი შესრულებისკენ. ევროკავშირი გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის მუდმივი გაუარესების გამო. აღნიშნულია ე.წ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის დროს. ევროკავშირი ხაზს უსვამს ე.წ. გადასავლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას.
„მოვუწოდებთ ყველა უკანონოდ დაპატიმრებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, რომელთა შორის არის საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და სამხრეთ ოსეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ევროკავშირი გმობს გავრცელებულ ინფორმაციას ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. განცხადებაში ხაზგასმულია ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც კიდევ უფრო გამწვავდა COVID-19 პანდემიის გამო და ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უშლის არა მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში, არამედ საკვების დეფიციტის წინაშეც აყენებს“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
მათივე ცნობით, განცხადებაში ასევე ხაზგასმულია უსაფრთხოების კუთხით არსებული სერიოზული გამოწვევები, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ჩორჩანა-წნელისის მხარეში არსებული ვითარების გამო.
„ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, მათ შორის ბოლო პერიოდში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების Kavkaz 2020-ის გამო. ამასთანავე, ევროკავშირი გმობს ე.წ ბორდერიზაციის პროცესს სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში.
ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დამრღვევთა დაუსჯელობის გამო და ხაზს უსვამს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას.
ამასთანავე, ევროკავშირი წუხს, რომ არ იქნა მიღწეული პროგრესი იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების კუთხით.
ევროკავშირი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროექტებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს. ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შეფერხების გარეშე გამართვის მნიშვნელობას და აღნიშნავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რეგულარული (IPRM) შეხვედრების, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის აუცილებლობას.
განცხადებაში ევროკავშირის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის სახელით გავრცელებულ განცხადებას“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.