ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს.
10:00 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიღებს. 11:00 საათზე კი მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს გუშინ ეწვია. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება.
„მოგეხსენებათ, 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც 2020 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება. გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია, გაეცნოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და დაისახოს საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
თავმჯდომარეობის პერიოდის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი სხვადასხვა დონის ღონისძიება, რაც ფართოდ წარმოაჩენს საქართველოს სტრასბურგში“, – განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი გივიაშვილმა.