ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროთი დაეხმარება
ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს. დახმარების ზომების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა სომხეთის მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან გადაწყვიტა.
ამ დახმარების მიზანია, გააძლიერონ სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს. ის ასევე მიზნად ისახავს სომხეთის მდგრადობის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების თავსებადობის დაჩქარებას მომავალში საერთაშორისო სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში ქვეყნის შესაძლო მონაწილეობისთვის, მათ შორის ევროკავშირის მისიებში.
როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, უსაფრთხოება სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობების სულ უფრო მზარდ ელემენტს წარმოადგენს. ევროპის მშვიდობის ფონდის ეს დახმარება მეტ წვლილს შეიტანს ქვეყნის მედეგობის გაძლიერებაში.
„ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი დიალოგი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ველოდებით სომხეთის მომავალ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში“, – ნათქვამია განცხადებაში.