ევროპის მოედანზე მიუზიკლის – „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა გაიმართა, რომელშიც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
პრემიერას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა „თბილისობა“.
დედაქალაქის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას თქმით, ვოდევილის პრემიერა საგანგებოდ „თბილისობისთვის“ შედგა.
„სპეციალურად „თბილისობისთვის“ დაიწერა ყველა იმ სიმღერა, რომელიც სცენაზე გაჟღერდა. დავით დოიაშვილმა სცენაზე წარმოგვიდგინა მულტიკულტურული თბილისი. თბილისური ეზო, რომელშიც ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, იეზიდები, პირდაპირ რიყის პარკში გაცოცხლდა“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
მიუზიკლის სიუჟეტი აღებულია მეცხრამეტე საუკუნის დრამატურგის, ზურაბ ანტონოვის ცნობილ პიესიდან – „მზის დაბნელება საქართველოში“. დადგმა ქართული ვოდევილების თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სპექტაკლის რეჟისორია დავით დოიაშვილი, მუსიკის ავტორი – კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, მხატვარი ანა ნინუა, ხოლო ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილი.