ევროპის მაუწყებელთა კავშირი - ზელენსკის თხოვნა, მიმართოს ევროვიზიის კონკურსის მაყურებელს, სამწუხაროდ, ვერ დაკმაყოფილდა, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ღონისძიების წესებს
ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საერთაშორისო გასართობი შოუა, რომელშიც მოქმედებს მისი დაარსებიდან ჩამოყალიბებული მკაცრი წესები და პრინციპები. მათ ფარგლებში, კონკურსის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს ღონისძიების აპოლიტიკური ხასიათი. ეს პრინციპი კრძალავს კონკურსის ფარგლებში პოლიტიკური ან მსგავსი განცხადებების შესაძლებლობას. ბატონი ზელენსკის თხოვნა, მიმართოს მაყურებელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, მისი კეთილი განზრახვების მიუხედავად, სამწუხაროდ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მენეჯმენტმა ვერ დააკმაყოფილა, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება ღონისძიების წესებს“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც შეთანხმდა, რომ ევროვიზიის 2023 წლის სიმღერის კონკურსს, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით BBC უმასპინძლებს, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უზრუნველყო, რომ უკრაინა, მისი მუსიკა, მისი კულტურა, მისი შემოქმედება ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი სამივე წარმოდგენის პირდაპირ ეთერში.
განცხადების თანახმად, ნახევარფინალებში ან ფინალებში, სულ მცირე, 11 უკრაინელი არტისტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის გასული წლის გამარჯვებული Kalush Orchestra. ღონისძიების გაფორმება შეიქმნა უკრაინულ დიზაინერულ სააგენტოსთან ერთად, ხოლო მთელი შოუს განმავლობაში თანმხლები მუსიკალური გაფორმება ასევე დაიწერა უკრაინელ მუსიკოსებთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, ყოველი შემსრულებლის სცენაზე გასვლის წინ ნაჩვენებ მოკლემეტრაჟიან ფილმებში წარმოდგენილია უკრაინის 37 ლოკაცია.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის საუკეთესო გზა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე უკრაინის გამარჯვების აღსანიშნავად და საზეიმოდ, და იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ ამ რთულ პერიოდში მუსიკა გვაერთიანებს“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.