ევროპის აეროპორტების ნაწილმა მგზავრები ფრენების დაგვიანების შესახებ გააფრთხილა
ევროპის აეროპორტების ნაწილმა მგზავრები ფრენების დაგვიანების შესახებ გააფრთხილა. ბრიუსელის აეროპორტში განაცხადეს, რომ საათში მხოლოდ 10 თვითმფრინავს მიიღებენ. შეფერხებებია ასევე ამსტერდამის, ჰელსინკისა და დუბლინის აეროპორტებში.
როგორც ევროპაში ავიატრანსპორტის გადაადგილების კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანიზაციაში მანამდე განაცხადეს, მათ სისტემაში გარკვეული პრობლემები შეექმნათ, რის გამოც ევროპაში დაგეგმილი ფრენების უმეტესობა, შესაძლოა, დაგვიანებით შესრულდეს ან გადაიდოს.
Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში Eurocontrol-ი აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემები ამ დრომდე არასდროს ჰქონიათ. მათივე თქმით, მგზავრების უსაფრთხოება მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია და შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.
„ბიბისის“ ცნობით, შეფერხება შეიძლება 15 000-ზე მეტ ფრენას შეეხოს.