ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ფეისბუქის“ მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ფეისბუქის“ მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე.
შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2 სექტემბერს გამოიტანა. ევროპული სასამართლო დაეთანხმა სხვა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სოციალური ქსელების მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მის გვერდზე სხვა ადამიანების მიერ დატოვებულ კომენტარებზე.
კონკრეტულად, აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობს საქმიდან „სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ“. კერძოდ, 2011 წელს ჟიულიენ სანჩესმა, რომელიც ფრანგულ ქალაქ ბოკერის მერი იყო და კენჭს იყრიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ფრონტის“ სახელით, „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც მის პოლიტიკურ ოპონენტს ეხებოდა. ამ ჩანაწერზე კომენტარი სანჩესის არაერთმა გულშემატკივარმა დაწერა. ზოგიერთი კომენტარი ქალაქის მუსლიმი მცხოვრებლებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. 2013 წელს ამ კომენტარების გამო სანჩესს და კომენტარების ავტორებს ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებაში დასდეს ბრალი. სასმართლომ ისინი სამართალდამრღვევებად ცნო და ჯარიმის სახით 4 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამის შემდეგ, სანჩესმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება დაირღვა. საქმის განხილვა 2015 წელს დაიწყო, საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა სხვა ინსტანციების მიერ გამოტანილ ვერდიქტს და დაადგინა, რომ სანჩესი პასუხისმგებელია სხვა ადამიანების მიერ დატოვებულ ჩანაწერებზე, რადგან მან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები ექვსი თვის განმავლობაში არ წაშალა საკუთარი გვერდიდან, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ფართო აუდიტორიისთვის.
„მოსარჩელემ შეგნებულად გახადა საკუთარი გვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ის პასუხისმგებელი იყო მის გვერდზე გამოქვეყნებული ჩანაწერების მონიტორინგზე. დამატებით, როგორც სასამართლომ ხაზი გაუსვა, სანჩესს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ მისი გვერდი მიიზიდავდა პოლიტიკური და პოლემიკური ხასიათის კომენტარებს. ამრიგად, მას მეტი ყურადღებით უნდა განეხორციელებინა ამ კომენტარების მონიტორინგი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სანჩესს პოლიტიკური ფიგურის სტატუსი ავალდებულებდა, მეტი სიფრთხილე გამოეჩინა“, – დაადგინა სასამართლომ.