ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა. ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.
დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე 141 ადამიანი ემსხვერპლა. ზოგიერთ რაიონში წყლის მაღალი დონისა და კომუნიკაციის არქონის გამო, ასობით ადამიანი ითვლება დაკარგულად.
გარდა ამისა, კაშხალის გარღვევის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა კიოლნთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასენბერგში. რისკის ქვეშ არის შტეინბახტალის კაშხალიც.
დაზარალებულთა მოსანახულებლად, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, ერფშტადტის რაიონში იმყოფებოდა, სადაც სტიქიას სულ მცირე 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მისი თქმით, წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალის შეფასებას, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდი ევრო იქნება, კვირები დასჭირდება. წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში ჩასვლას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც გეგმავს.
ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, ათეულობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნიდერლანდებში, სადაც დატბორვა სამხრეთ პროვინციებს ემუქრება. დატბორვის საფრთხის ქვეშ არის ლუქსემბურგიც.