ევროპაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 800 000-ს აჭარბებს
ევროპაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 800 000-ს აჭარბებს

„ფრანს პრესის“ ცნობით, ევროპაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 800 000-ს აჭარბებს. სააგენტოს მონაცემებით, 52 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთსა და თურქეთში, ამ დრომდე სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 35 395 270 შემთხვევა. გარდაიცვალა 800 361 კოვიდინფიცირებული.

ევროპის კონტინენტზე „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა გადააჭარბა ლათინურ ამერიკაში ვირუსით გარდაცლილთა რაოდენობას. ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში სულ გარდაიცვალა 635 834 კოვიდპაციენტი. აშშ-სა და კანადაში ვირუსს ემსხვერპლა 502 064 ადამიანი, ხოლო აზიაში 247 730 პაციენტი.

„ფრანს პრესის“ ცნობით, წინა კვირასთან შედარებით ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 14 პროცენტით შემცირდა.

ევროპაში „კოვიდ-19“-ის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა დიდ ბრიტანეთში – 116 908 ადამიანი, მეორე ადგილზეა იტალია 93 045 გარდაცვლილი პაციენტით, მესამეზე საფრანგეთი – 81 488 გარდაცვლილით.

ამასთან, ყველაზე მეტი გარდაცვლილი 100 ათას მოსახლეზე – 186 ადამიანი აღრიცხეს ბელგიაში. ამ მაჩვენებლით, მეორე ადგილზეა სლოვენია, მესამეზე – დიდი ბრიტანეთი.