ევროპაში დაგეგმილ ნატო-ს წვრთნებში 20 000 ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას
ევროპაში დაგეგმილ ნატო-ს წვრთნებში 20 000 ბრიტანელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 16 000 ბრიტანელი ჯარისკაცი თებერვლიდან ივნისამდე პერიოდში აღმოსავლეთ ევროპაში განლაგდება. ასევე ევროპაში გააგზავნიან ავიამზიდებსა და ავიაციას, მათ შორის „ეფ-35“ ტიპის მოიერიშეებს და მზვერავ თვითმფრინავებს.
„მე შემიძლია, განვაცხადო, რომ დიდი ბრიტანეთი 20 000 სამხედროს გააგზავნის ევროპაში, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, გრანტ შაპსმა.
მისივე ინფორმაციით, ბრიტანელ ჯარისკაცებთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და შვედეთის სამხედრო მოსამსახურეები.
ნატოს წვრთნები – Steadfast Defender-ი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნიდან 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართება.