ევროპარლამენტში 12 ივნისს საქართველოს შესახებ დებატებია დანიშნული. პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.
მოგერინის გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
დეპუტატები პირველ არხთან საუბარში აცხადებენ, რომ აუცილებელია, კიდევ ერთხელ მიეცეს შეფასება რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და უმძიმეს ტრაგედიას – არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას.
ევროპარლამენტი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრასა და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას.
ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებასაც გეგმავს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს 5 დღიან ომს ეხება.
პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი აცხადებს, რომ პარლამენტმა რეზოლუციით უნდა დაამტკიცოს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა.