ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ გმობს
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ გმობს.
რეზოლუციას 679 ევროპარლამენტარიდან 495-მა დაუჭირა მხარი, 137-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა.
„რეზოლუცია, რომელიც ასახავს ახლად არჩეული ევროპარლამენტის პირველ ოფიციალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტარების მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს და გააფართოოს სანქციების პოლიტიკა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, დააკვირდეს და გადახედოს მის ეფექტურობას, ზემოქმედებას და სისტემატურად მოაგვაროს სანქციებისთვის გვერდის ავლა ევროკავშირში დაფუძნებული კომპანიების, მესამე მხარის და მესამე ქვეყნების მიერ“, -აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროკავშირის ძალისხმევას, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის დახმარებას ეხება.
ამასთან, რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები გმობენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის არაკოორდინირებულ საგარეო პოლიტიკურ ქმედებებს.
„ევროპარლამენტი გმობს რუსეთის ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმას კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ბოლო ვიზიტს რუსეთში, რომელიც არ წარმოადგენს ევროკავშირს და არის ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის აშკარა დარღვევა. უნგრეთის ამ ქმედებებს რეაგირება უნდა მოჰყვეს იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ე.წ. სამშვიდობო მისიას დაუყოვნებლივ მოჰყვა ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ეს მიუთითებს ორბანის სავარაუდო სამშვიდობო ძალისხმევის „არარელევანტურობაზე“.