ევროპარლამენტმა ანდრეი სახაროვის სახელობის საპატიო ჯილდო რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელ რეჟისორს მიაკუთვნა
ევროპარლამენტმა ანდრეი სახაროვის სახელობის საპატიო ჯილდო რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელ რეჟისორს მიაკუთვნა

ევროპარლამენტმა ანდრეი სახაროვის სახელობის საპატიო ჯილდო რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელ რეჟისორს, ოლეგ სენცოვს მიაკუთვნა. თავად სენცოვი, რომელიც რუსეთის კოლონიაში იმყოფება, ცერემონიას ვერ დაესწრო, ამიტომ ჯილდო მის დას, ნატალია კაპლანს გადასცეს.

პრემიის გადაცემის დროს, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ სენცოვი მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ და მტკიცედ უჭერდა მხარს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ტაიანის თქმით, უკრაინელი რეჟისორი რუსეთში პოლიტიკური მოტივით გაასამართლეს.

„სიმამაცისა და სიმტკიცის გამოვლენით, საკუთარი სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენებით, რეჟისორი ოლეგ სენცოვი რუსეთსა და მთელს მსოფლიოში დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა სენცოვი სამ პირთან ერთად, ყირიმში, ტერორიზმის ბრალდებით, 2014 წლის მაისში დააკავეს. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ისინი სიმფეროპოლში, სევასტოპოლსა და იალტაში დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

2015 წლის 25 აგვისტოს რუსეთის სასამართლომ რეჟისორს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსი უფლებადამცველის, ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან გადაეცემა იმ პირებს, რომლებსაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.

საერთაშორისო პრემიის მფლობელს ფულადი ჯილდოს სახით 50 ათასი ევრო გადაეცემა. 2017 წელს საპატიო ჯილდო ვენესუელელმა ოპოზიციონერებმა მიიღეს.