ევროპარლამენტმა 2023 წლის სახაროვის პრემია გადასცა ჯინა მაჰსა ამინის და ირანულ ქალთა მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“
ევროპარლამენტმა 2023 წლის სახაროვის პრემია გადასცა ჯინა მაჰსა ამინის და ირანულ ქალთა მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“. პრემიის ლაურეატი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა.
„16 სექტემბერს ერთ წელი გავიდა ირანში ჯინა მაჰსა ამინის მკვლელობიდან. ევროპარლამენტი ამაყად დგას იმ მამაცი და შეუპოვარი ადამიანების გვერდით, რომლებიც განაგრძობენ ირანში თანასწორობისთვის, ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც ციხიდანაც კი განაგრძობს „ქალების, სიცოცხლის და თავისუფლების“ მხარდაჭერას. აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის სახელობის პრიზის ლაურეატებად მათი არჩევით ევროპარლამენტს ახსოვს მათ ბრძოლა და პატივს მიაგებს ყველას, ვინ თავისუფლებისთვის უმაღლესი საფასური გადაიხადა“, – განაცხადა მეცოლამ.
ქურთი ირანელი 22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის სექტემბერში თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესისთვის დააკავა. დაკავების დროს ფიზიკური ძალადობის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა სლოგანით „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.
დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში, ევროპარლამენტში 2023 წლის 13 დეკემბერს გაიმართება.
საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის საპატიო ჯილდო 1988 წლიდან ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებსა და დისიდენტებს გადაეცემათ.
ცნობისთვის, სახაროვის პრემიაზე ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის (ECR Group) მიერ წარდგენილი იყო ნინო ლომჯარია და „ქართველი ხალხი აზრის თავისუფლებისთვის“.