ევროპარლამენტის წევრებმა ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ და დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტად აღიარეს
ევროპარლამენტის წევრებმა ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ და დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტად აღიარეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გააკეთოს, რაც შესაძლებელია, რომ ვენესუელის ლეგიტიმურმა და დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა, ედმუნდო გონსალესმა 2025 წლის 10 იანვარს თანამდებობის დაკავება შეძლოს.
შესაბამის რეზოლუციას ევროპარლამენტის 309 წევრმა მისცა ხმა, 201 წინააღმდეგი იყო, 12-მა კი თავი შეიკავა.
დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ეროვნული საარჩევნო საბჭოს თაღლითობას, რომელმაც უარი თქვა ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებაზე. ასევე გმობს ვენესუელის ხელისუფლების მიერ გონსალესის დაკავების ორდერის გაცემას.
ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები ნათლად აჩვენებს, რომ 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნები არ აკმაყოფილებდა სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ევროპელი კანონმდებლები გმობენ დემოკრატიული ოპოზიციის, ვენესუელელი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკვლელობებს, შევიწროებას, უფლებების დარღვევებსა და დაკავებებს.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, დააწესოს სანქციები ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს წევრების წინააღმდეგ.
ვენესუელის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ნიკოლას მადურო ივლისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა საარჩევნო ორგანოს ხმის მიცემის დეტალური შედეგები არ გამოუქვეყნებია. ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად კი, არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა. მადუროს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მიმდინარე თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ედმუნდო გონსალესმა ვენესუელა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა.