ევროპარლამენტის სიდიდით მეორე ჯგუფი მოსკოვში ვიზიტის გამო ვიქტორ ორბანის დასჯას ითხოვს
ევროპარლამენტის პარტიების სიდიდით მეორე ჯგუფი მოსკოვში ვიზიტის გამო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დასჯას ითხოვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯგუფის ლიდერმა, ესპანეთის წარმომადგენელმა, ირატსე გარსია პერესმა განაცხადა.
„პროგრესული სოციალისტები და დემოკრატები“ ვიქტორ ორბანის დასჯას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს კრემლში ვიზიტის, ასევე უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისთვის ვეტოს დადების გამო ითხოვენ.
სიტყვით გამოსვლისას გარსია პერესმა ვიქტორ ორბანი მკაცრად გააკრიტიკა.
„ცოტა ხნის წინ ყალბი პატრიოტების ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო ხელმძღვანელი – ორბანი შეხვდა პუტინს. რომელ მშვიდობაზე სურს საუბარი ტირანთან? მოსკოვში ორბანის ვიზიტი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დარღვევა, ნდობის დარღვევაა და ამას უნდა მოჰყვეს შედეგები. უნგრეთმა უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის დახმარების ბლოკირება, მათ შორის, წევრი ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის“, – განაცხადა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის 63 დეპუტატი ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავს, უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. ამასთან, როგორც ცნობილია, უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში მონაწილეობას რამდენიმე ევროპული სახელმწიფო არ მიიღებს.